უსასრულოა იმედი... მთელი ცხოვრება ელოდები... ელოდები... გჯერა, რომ აუცილებლად მოვა. მან ხომ იცის, რომ შენ მის გარეშე გაგიჭირდება, უმისობა ბევრ ცრემლს გაღვრევინებს... ტირი, მაგრამ გჯერა, რომ აი უკვე დრო დადგა, მოვიდა შენი ჯერი, გრძნობ მის თბილ სუნთქვას, ცხელი თითების კვალს გრძნობ მხარზე... უცებ სულ წამიერად გაირინდები, თითქოს გეშინია შენი სუნთქვით მას ხელი არ შეუშალო. მაინც ვერ მოისვენებ უკან მიიხედავ და სულ სადღაც შორიდან გიცინის და ამ სიცილით უნდა გითხრას, რომ:
"ნუ გეშინია, მე მოვალ შენთან რაც არ უნდა დიდი დრო გავიდეს... წავშლი შენი ცხოვრებიდან ტკივილიან, დარდიან და ცრემლიან დღეებს. რაც არ უნდა მოხდეს მე მაინც შენს გვერდით ვიქნები და არავის მივცემ უფლებას დაგამციროს და თვალებიდან, რომლებიც მე ასე მიყვარს ცრემლი გადინოს."
აი, ასე გამხნევებს მთელი ცხოვრება არ გტოვებს, თითქოს ამით მისი არსებობით უნდა ამოავსოს ის სიცარიელე, რომელიც წუთისოფელს გაუჩენია შენში. თითქოს ავსებს და ვერც ავსებს, ცდილობს, მაგრამ ბოლომდე არაფერი გამოსდის. ხანდახან ბრაზდები მიმატოვა, ჩემთვის არ სცალია, ებუტები, დიდხანს ხმას არ სცემ, გაბრაზებული ხარ, მაგრამ როგორც კი გაგიჭირდება კვლავ მას მიმართავ და დახმარებას სთხოვ. ასე წვალდები მთელი სიცოცხლე, მაგრამ ის იდუმალი ჩურჩული არ გასვენებს და გეჩურჩულება.
"ნუ გეშინია მე შენ არასოდეს მიგატოვებ."
ასე ჩურჩულ_ჩურჩულით გაქრება, განელდება, ჩაქრება და ისე დაიკარგება. შენი სიცოცხლე ისე გაგეპარება ხელიდან, შენ თვითონ ვერ იგრძნობ, ნუთუ ყველაფერი მთავრდება, მაგრამ ჩურჩული არ გასვენებს:
"ნუ გეშინია, ნუ გეშინია..."
და ნელნელა გამამხნევებელი სიტყვებით თვალებს ხუჭავ ს ა მ ა რ ა დ ი ს ო დ...