დაგესიზმრები, გამოღვიძებულს ხმაურიანი ნაბიჯებით აგყვები ფიქრად, გაგიმეორებ შენს სახლის წინ ნაცნობ სურნელს, გაგიმეორებ მოსახვევთან დაყრილ ყვავილებს, გაგიმეორებ მგზავრობისას ტუჩის კუთხესთან გამოჟონილ და ჩემს თვალებში ჩაძირულ ღიმილს, გაგიმეორებ გამოპარულ გაჩერებას, მერე უკან ფეხით სიარულს, გაგიმეორებ გზად შემხვედრი ნაცნობების ვერ ცნობას და მათ სალამზე აფარებულ უხერხულ ღიმილს, გაგიმეორებ შუა გზიდან გადახვევას და მახლობელ ბაღში ჩამოჯდომას ჩვენ რომ ვჯდებოდით, გაგომეორებ შემოდგომას და ხელში კალამს, ფოთლებში დევნას, ამ ფოთლებიზე ოცნების წერას და მათ გადაყრას, გაგიმეორებ თრობით მოსულ გამბედაობით წამოცდენილ ორიოდ სიტყვას, გაგიმეორებ უმიზეზოდ მოხეთქილ ცრემლებს და მეც აგყვები და ერთმანეთის დამშვიდებას ჩვენ არ ვეცდებით, გაგიმეორებ პირველ კოცნას, პირველ მორცხვობას და შემოდგომით შემოპარულ თოვლიან ზღაპარს, გაგიმეორებ სიყვარულის უგონო ახსნას და არეული ნაბიჯებით წასვლას შინისკენ, გაგიმეორებ მერამდენედ გადმოსულ ყავას და მაგიდაზე მხოლოდ თავის დასამშვიდებლად გადაშლილ წიგნებს, გაგიმეორებ ფანჯარასთან გათეულ ღამეს, განთიადისას მიგნებულ საწოლს, ადგომისას კი გაოცებას, რომ ტანთ გაცვია. გაგიმეორებ ჩვენგან უწინ ამოჩემებულ ბაღს და ძველ ხის სკამს და ლამაზ ტყუილს - მე ისევ იქ ვარ...