დამიწერია ბევრი ლექსი ღიმილით,ცრემლით, მაგრამ არასდროს დამიწერია მე გაზაფხულზე, თაფლის სურნელი როცა ასდის მთელს დედამიწას მე მაშინაც კი წერას ვიწყებ რატომღაც შენზე... სიოს როს რითმავს ბულბულების ნაზი გალობა და ირგვლივ გუნდი პეპლებისა როცა ფარფატებს, მე აღარ მიკვირს ჩიტუნების ცეკვა დაისიც, მხოლოდ თვალები შენი მწვავს და სიცოცხლეს მმატებს! როცა ჩურჩულით აუყვება ნიავი ქუჩებს და აჰყვებიან ვარდისფერი კვირტები ატმის, როს მზე შეახებს თოთო ბალახს თავის ცხელ ტუჩებს, მიიმალება ხავსიანი ქვის უკან მარტიც. როცა მერცხალი შემოუფრენს ჟუჟუნა წვიმას და აუშენებს ბარტყებს ბუდეს ცისარტყელაზე, როცა მდელოებს ყვავილები მინდვრის დაფარავს შენ მომინდები ქვეყნად ალბათ მეტად ყველაზე. როს იმ მჩქეფარე ნაკადულებს დილით ცვარი და ღამე ნამგალა ბადრი მთვარის შუქი აკოცებს, როცა გალობა ჯადოსნური იფრქვევს ფრინველთა მე მზერა შენი უხილავი თუ გამაოცებს. დამიწერია ბევრი ლექსი ცრემლების ნამით და არაერთხელ სიხარულიც ჩამიქსოვია, მაგრამ არასდროს გაზაფხულზე მე აღარ ვწერდი რატომღაც დარდის დიდმა წვიმამ ჩამიყოლია.