დახუჭე თვალები! დახუჭე! სინათლე ყველაფერს აფუჭებს. ნაჭუჭებს, ვაგროვებ ღამის ნაჭუჭებს, ნაჭუჭებს უჩუმრად ვაქუჩებ. ამ ქუჩებს ყველას შენ გაჩუქებ, ნაჭუჭით მოგიქსოვ ფაჩუჩებს, დახუჭე, თვალები დახუჭე, გაჩუმებ, მე კოცნით გაჩუმებ, ღამეს დავუდებ სარჩულებს, გარჯულებ, დიდი ხანია გარჯულებ, გიკეთებ მარყუჟებს, გარუჯულ მკლავებში გიმწყვდევ და კოცნით გაჩუმებ. დუმილი ჩვენს ოთახს აყრუებს, საყურეს, შენ მომხსნი საყურეს, ჩურჩულით მეტყვი: დახუჭე! ყურებიც დახუჭე! ბგერები ყველაფერს აფუჭებს. გავაპობთ მე და შენ პარკუჭებს, ვარდის ფურცლების ნაკუწებს ერთმანეთს ვაჩუქებთ. სურვილებს ავუგებთ ტაძრებს, ავუგებთ! გავუგებთ, ერთმანეთს სუნთქვასაც გავუგებთ, ოღონდ შენ კოცნა მაჩუქე, ხვალ მე შენ ათას ცალს გაჩუქებ, კოცნას გაჩუქებ, არ მოგატყუებ. მართლა! "ვისესხებ სიყვარულს სამასპროცენტიანი განაკვეთით" დამუწე! პირი დამუწე! სიტყვები ყველაფერს აფუჭებს, ფანჯრებს ჩამოვხსნი ჟალუზებს, ნისლიან ქუჩას გავყურებ. რას იზამ, ჩემო, რას იზამ?! აღარ დაუშვებ ჩემს სულში შენს ღუზებს?!