არ ვიცი რატომ, კვლავ შევეხე ფრთხილად მის ბაგეს გულმა დაღვარა სითხე და მას არ ჰქონდა ფერი. ტუჩებმა კრძალვით გამოსთხოვეს, სხეულს არ ანდეს ეს რაღაც ფრთხილი, უხილავი და მშვენიერი. ო, ამ საოცარ, უჩინარ ლაქას სხვა ვერ შეამჩნევს, მის მოცილებას არ ეცდება ვისიმე ხელი. მას მერე ვერხვი ჩარჩოს მიღმა კენწეროს არხევს და იღიმება ღამით მთვარე ცრუ და პირფერი. მე მეჩვენება რომ ეს უნდო, ცივი მნათობი ჩემს აზრთა დენას თვალს ადევნებს და მეკითხება: ,,რისთვის აჩუქე მას შენ ამბორი, თუკი ნაცნობი, ვნებით არძრული გულისცემა არ შეეხება მის ყურთასმენას? სხვისმა ველურმა ხელმა შეიგრძნო პირველყოფილი ცოდვით შეძრული შენი სხეული. მან მიწიერი არსებობის არსი შეიცნო. მშვიდად მიიღო ვნება, მხოლოდ ვნება ეული, სხვა არაფერი. შენი არსების მიწიერ ნაწილს თუკი დახრჩობას დაუპირებ მის მკერდთან მდგომი, სულაც მოშორდი, მოძებნი მანძილს და შეეცდები დაასრულო სხეულთან ომი''. ,,მაგრამ მთვარეო, მე მას ველტვი, ბაგეს მისას ვეთაყვანები'' - პასუხობს ჩუმად ციურ სხეულს ხმა ცივ სივრცეში. ,,თუ ვერ შევძელი ასრულება იმ ძველი ნების, თუკი გველია გაწოლილი აქ, სადღაც ჩემში, თუკი შექმნაში იგი მაინც მონაწილეობს, ამოუცნობი არსის სათქმელს რად ვერ განაგებს? ამაოებას შურს, შურს მისი და ჭირვეულობს მაგრამ მთლიანის პატარა ნაწილს, საოცრად ნაგებს ვერ ეგუება, უმზერს, უმზერს და ვერ თხოულობს''. შენ იღიმები, ასეთია შენი ბუნება: ,,სხეული შენი მამაკაცს სულ არ აინტერესებს, დაუფიქრებლად მოიშორა მან ეს ცდუნება? მხოლოდ სურვილი ამოძრავებს შენში მის ხელებს. შენც ძლიერ გინდა ხორციელად მისი შეცნობა, ისე უზომოდ, რომ თითები თითქოს ერთვიან მისსავე თითებს და გონება ამით ერთობა. ფიქრები შენი მას იტევენ ცოცხალს, ერთიანს. აქ არის მხოლოდ მდუმარება უტყვი საგნების, შენ კი კვლავ სუნთქვა გენატრება მისი ჰეტერა. გსურს რომ დაბრუნდეს, უჩუმრად თმაზე ხელი შეგახოს, რომ ტანმა იგრძნოს იშვიათი მისი ხელწერა''. არ ვიცი რატომ, კვლავ შევეხე ფრთხილად მის ბაგეს გულმა დაღვარა სითხე და მას არ ჰქონდა ფერი. ტუჩებმა კრძალვით გამოსთხოვეს, სხეულს არ ანდეს ეს რაღაც ფრთხილი, უხილავი და მშვენიერი.