იცი?! აისს ჰგავდა შენი გამოჩენა, როცა, ნაწვიმარზე მზე ამოვა-ხოლმე, მე ხომ საკუთარ თავს მუდამ ვეურჩები, ჰოდა, ამ გრძნობასაც ღელვა მოვაყოლე. როცა მარტივია უკვე არაფერი, რაღაც მთავრდება და რაღაც მეორდება, ახლაც თბილ ქვეყნებში უნდათ გადაფრენა, სულში ჩაბუდებულ უცხო მელოდიებს. წუხელ სიზმარშიაც ღამე გავათენე, ალბათ, ამიტომაც, მკრთალი მეჩვენება, ოდნავ, გაზაფხული... ვფანტავ ლამაზ ფერებს, ნატვრის ჰორიზონტებს ასე მიჩვეული. ვეღარ ავუდივარ ამდენ სიშორეებს, რა ვქნა, მონატრება თუკი მომერია, თავის ნებაზეა პულსი მიშვებული, სუსტი იმედის ხე გახდა მსხმოიარე. მერე, სხივები რომ მთებში იძინებენ, ატმის ხეივნებში წვება თუთარჩელა, რადგან უშენობა გულის სიმძიმეა, მოდი, თუ დარჩები, ჩემთან, თუ დარჩები...