მე შემიძლია მიგატოვო,ისე უბრალოდ, როგორც ტალღები უსიცოცხლო ვეშაპს რიყავენ, როგორც ზამთარი ჩვენი ბაღის მოკვლას იბრალებს, ისე უბრალოდ,როგორც უწინ სხვასთან იყავი.
მე შემიძლია მიგატოვო,ისე მარტივად, როგორც ორსულ ცას წაეზრდება ღამის მუცელი, როგორც ნიავი ხეს დახუნძლულ ტოტებს ატკიებს, ისე მარტივად,როგორც შენ ხარ გამოუცდელი.
მე შემიძლია მიგატოვო ისე უეცრად, როგორც დაშუბავს ლომის ხახას მარჯვე მასაი, როგორც ორაგულს მებადური ბადეს მოაცმევს, ისე უეცრად,როგორც ნადირს ძაღლებს უსევენ.
მე შემიძლია მიგატოვო,ისე საოცრად, როგორც თებერვლის მინავლული მზე იბადება, როგორც სენაკში განდეგილი ლოცვას გამოსცრის, ისე საოცრად,როგორც გულზე ხელის დადება.
სადღაც ულაყის გულ-მკერდივით ფეთქავს დაირა, მგონი მთვრალები,ბოლო ხმაზე სადღაც ყვირიან... მე შემიძლია მიგატოვო ყველანაირად, მაგრამ არ გტოვებ და ძალიან გასაკვირია!