შენს თვალებში ამოსული მზე ახლახანს ჩემს თვალებში ჩაესვენა...შენ გინახავს გულწასული მზე?თვალებმინაბული,გაფერმკრთალებული,ის ქალიშვილი გოგოს პირველ ღამეს ჰგავს,დონი-ასე ეძახიან მზეს,სწორედ აქედან მოდის ქალის სახელი-დონა!დონა მეოთხე საფეხურზე დგას,რათა შვიდივე საფეხურს ორივე მხარეს მიწვდეს და გაათბოს ერთნაირად,ის შენნაირი ბუტიაა,ღრუბლებში იმალება და გვახვეწნინებს...
დღეს მზე ძალიან შორსაა..ფიქრები თავზე მეყრება და შენ სიცოცხლეს ინსტიქტურად ვიფიცებ.
დიდი გავჩნდი მე,ისეთი დიდი,რომ ვეღარ გავიზარდე.სასწაულს ჰგავს შენთვის არსებობა,შენზე ფიქრი,შენით...ახლა ერთ საძილე აბში ყველა იმ შეხვედრას გადავცვლიდი,რომელიც ვერ შედგა.მზეს ბალიშზე მარცხენა ძუძუ დაუვარდა,საცოდავს სულ ასე ემართება,უკვე შევეგუე...შემაგუა...მას ხომ მარჯვენა ძუძუ არც კი ახსოვს როდის მოკვეთეს.მზე ამორძალია.დავარცხნილი თმითა და ცივი თვალებით....ოქტომბერი მოდის,დონა გასანაყოფიერებლად ემზადება,მე კი ისევ შენ გელოდები,ვიტყუები,აღარ გელოდები...ავტოგრაფივით შევატოვე ზეცას ლოდინი,განწყობასავით შევიცვალე გვარ-სახელი და ჩემს თავს ვდარაჯობ.აქ ნაცრისფერი დღეები იცის,შენთან ღამეები.ყველა ის დღე-ღამე მიყვარს შენით რომ იწყებოდა,ჩვენ ხომ თვითონ ვქმნიდით .განა სიცოცხლე ის არაა,რასაც ჩვენ შევძენთ მას?
...შენთვის რამდენიმე ახალი ამბავი მაქვს:მესაკუთრული ფიქრები მოვიშორე,ეგოისტი აღარ ვარ,რაც ქმნიდა ეჭვიანობის ნიადაგს,რამდენჯერ ამოგიკვნესია ეჭვიანობა ავადმყოფობააო,მაგრამ არცერთხელ გითქვამს ამ ავადმყოფობის ნამდვილი სახელი.წამლებს ისე დამაჩვია უშენობამ,რომ როცა ძალა არ მყოფნის მათ მოსაპოვებლად,თავად მაკითხავენ ხოლმე.აღარც ხარბი ვარ შენით,სიხარბე მომდევნო ცოდვების საწინდარია,მე ეს ცოდვების პირამიდა დავანგრიე.....
...დრო იცვლებაო,მეუბნები,მაგრამ დრო ეს ჩვენ ვართ...ყველა გზაც,ისინი არსაიდან მოემართებიან და არსაითკენ მიემართებიან,ყველა გზა ჩვენ ვართ,დამიჯერე ...დამიჯერე,რომ ჩვენ ერთი გზა ვართ,საპირისპირო მიმართულებით,მაგრამ სიყვარულს ნახაზები,მითითებები არ სჩვევია,ყველა თეთრი ხაზი წაშალე ან მომეხმარე წაშლაში.
ბევრჯერ მიფიქრია,რომ ჩემი ადგილი არაა შენს ცხოვრებაში,პატარა ზომის ფეხსაცმელივით ვიწრო მეჩვენე,სადაც მაშველით უნდა ჩატენო ფეხი,რომ ჩაგივიდეს,ჯანდაბასთქო რომ მეფიქრა,გავივლიდი რამდენიმე ნაბიჯს და ხომ მატკენდა?კანს ხორცი მოხარშული დედლის ქონივით აყვებოდა,თან წინასწარ ვაზროვნებდი რომ მატკენდა და მაინც ჩამეცვა,ესეც ხომ ცალკე თემაა?მოკლედ,მე გავიხადე ეგ ფეხსაცმელი,ვინ იცის იქნებ პატრონმა გაწელოს ჩემს ზომაზე,თუ არადა მიცვალებულსაც კი არ ტოვებენ უფეხსაცმლოდ.
შენს წერილებს ყურმოტეხილ,ვარდისფერ ვაზაში ვინახავ,მათ არასდროს აქვთ მიწერილი მისამართი და ადრესატი,არც ავტორი...თავიდან წამლის შუშაში ჩატენილი ბამბის სუნი ასდით,შემდეგ ნაფტალინის...ძველი ყველაფერი მიყვარს,როცა ახალს არ საჭიროებს...
იცი?როცა ცუდად ვარ სულ არ მინდა ამ დროს ჩემთან იყო,თუმცა არც არასდროს ყოფილხარ ჩემთან.არსებობენ ადამიანები,რომელთა ცხოვრებაც ძალიან წააგავს იზოტოპების ინსტიტუტში გამოყვანილი პარაზიტული ბაქტერიის ცხოვრებას,ისინი ძალიან არაპროდუქტიულად მოიხმარენ ჟანგბადს.
ხო,შენს თვალებში ამოსული მზე ჩემს თვალებში ჩაესვენა.კიდევ დიდხანს მოგწერ გონებაში წერილებს,სანამ ცხოვრება ხელში არ ჩამაკვდება,ან პირიქით...
შენ გინახავს გულწასული მზე?

ნანახია: 452 | კომენტარები: 0 | ავტორი: სტუმარი

კომენტარის დამატება
Name *:
Email:
Code *:





Website builder - uCoz