სოფომ გული ისე გადამიშალა, თითქოს დიდი ხნის წინ შეხორცებულ იარას მიჩვენებსო, მაგრამ ძნელი წარმოსადგენი არ იყო თუ როგორ მწარედ "გაუტყდა” ოდესღაც პატარა გული. მე და რეზი ერთ ანსამბლში ვცეკვავდით, -ასე დაიწყო მან თხრობა- რაღაცნაირი ტიპია, ანსამბლში მასზე ბევრად უფრო სიმპატიური ბიჭებიც გვყავდა, მაგრამ ყველა მაინც მისით იყო მოხიბლული, მოცეკვავე გოგონებიც და მაყურებლებიც. გულის სიღრმეში ალბათ მეც მომწონდა, მაგრამ ვიცოდი რეზომდე არავინ მიმიშვებდა და საკუთარ თავსაც არ ვუტყდებოდი, მისი ღიმილი, რომ ოცნებად მქონდა ქცეული. მარტო მე კი არა მთელი ანსამბლი შოკში იყო, როცა გაირკვა, რომ თურმე რეზის ვუყვარდი. თავი სიზმარში მეგონა, ზღაპარს დაემსგავსა ჩემი ცხოვრება, უსაზღვროდ ბედნიერი და ფრთაშესხმული დავდიოდი. ცოტა არ იყოს და დისკომფორტს კი მიქმნიდა ის ფაქტი რომ ირგვლივ ყველა ჩვენზე ჭორაობდა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა და შევეგუე. ერთხელაც გასტროლებზე ვიყავით, გასახდელში გოგონების ჩურჩულს მოვკარი ყური, რეზის სახელი, რომ გავიგე სმენად ვიქეცი. -ვინ თქვა ეგ? -რეზის ძმაკაცებმა -მეცოდება სოფო, არაა ცუდი გოგო -ცუდი შეიძლება არაა, მაგრამ უტვინოა, ვერ უნდა ხვდებოდეს ბიჭს რა უნდა მისგან? -ხო რეზი ეგეთი ტიპია, გოგოსთან თავისას გაისწორებს და მერე მიატოვებს -საწყალი სოფო მასაც იგივე ელის რაც მის არაერთ წინამორბედს ამ საუბრის მოსმენამ საშინელ განწყობაზე დამაყენა მიუხედავად იმისა, რომ შეყვარებულის გრძნობაში ეჭვი არ მეპარებოდა.
კონცერტის შემდეგ მე და რეზიმ რესტორანში ვივახშმეთ, სასტუმროში გვიან დავბრუნდით. რეზი ჩემს ოთახში შემოვიდა, გოგონა რომელთან ერთადაც ვცხოვრობდი, თაკო, დანარჩენ მოცეკვავეებთან ერთად ქალაქის დასათვალიერებლად იყო წასული და ჯერ კიდევ არ დაბრუნებულიყო. რეზიმ კარი გასაღებით შიგნიდან დაკეტა, მივხვდი ეს რატომაც გააკეთა და სხეულში უსიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა, კულისებში შემთხვევით მოსმენილი საუბარი გამახსენდა... რეზი მომიახლოვდა და მოფერება დამიწყო, ჩემს თვალწინ კი უცებ გაიქროლა მშობლების ნათესავების და ყველა იმ ადამიანის სახეებმა ვინც პატივს მცემდა და მენდობოდა. უამრავი ისტორია მქონდა გაგონილი, როცა ქალწულობა დაკარგულ, ზოგჯერ დაფეხმძიმებულ გოგონას სიყვარულის ნაცვლად სირცხვილი და საზოგადოების აგრესია შერჩენია ხელში. -უკვე გვიანია, შენს ოთახში წადი-ვუთხარი რეზის -აქ, რომ დავრჩე არ შეიძლება? -არა -არ გინდა ჩემთან ყოფნა? -არა -თუ გიყვარვარ მაშინ უარს არ უნდა მეუბნებოდე -არ მიყვარხარ-თავადაც არ ვიცი რატომ, ალბათ კულისებში გაგონილი საუბრის გამო წარბშეუხრელად ვუთხარი მე. რეზის გამომეტყველება შეეცვალა, შევატყვე თავი შეურაწყოფილად იგრძნო, არ იყო ნაჩვევი უარს. ხმა აღარ ამოუღია ისე გავიდა ჩემი ოთახიდან. ჩვენს ანსამბლში ერთი გოგო ცეკვავდა, ნატა, მასზეც ჭორაობდნენ ხოლმე გოგოები, განათხოვარიაო იმასაც ამბობდნენ, თვეში ერთხელ იცვლის ეგრეთწოდებულ შეყვარებულებსო და დიდი ხანია რაც რეზის შებმაზე ჩალიჩობსო. ხოდა მეორე დილას, სწორედ ამ ნატას საბნის ქვეშ ვიხილე ჩემი ძვირფასი რაინდი, როცა თაკოს თხოვნით ნატას ოთახის კარი შევაღე, უთო მინდოდა მეთხოვა მისგან. სიკვდილი მინდოდა, თავს საშინლად ვგრძნობდი, თითქოს დაჭმუჭნული ცხვირსახოცი ვიყავი, რომელიც პატრონმა უსარგებლო ნივთივით მოისროლა. მთელი ღამე თაკოს კალთაზე ვტიროდი, მაგრამ ცრემლები გულიდან დარდის მოცილებაში ვერ დამეხმარა. ცეკვა ჩემი ცხოვრება იყო, მაგრამ ამ ამბის გამო ანსამბლიდან მაინც წამოვედი. მას შემდეგ რეზი მხოლოდ ერთხელ ვნახე ანსამბლის იუბილეზე, რესტორანში. შერიგება მთხოვა, მაგრამ თაკოს უკვე გაფრთილებული ვყავდი, ერთადერთი გოგო ხარ რომელმაც მიატოვა და შელახული თავმოყვარეობის აღსადგენად უნდა შერიგებაო, ამიტომ თავი შორს დავიჭირე და არ მიყვარხართქო, გავუმეორე რეზის მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერს დავთმობდი, ოღონდ მის მკერდზე თუნდაც წუთით დამედო თავი. მას შემდეგ 5 წელი გავიდა, ორ კვირაში ქორწილი მაქვს, ჩემი საქმრო სიმპათიური და პერსპექტიული ადამიანია და წესით ბედნიერი უნდა ვიყო, მაგრამ თაკოს აღსარებამ ცხოვრება და გონება ამირია. -და რა გითხრა თაკომ - ვკითხე სოფოს მოუთმენლად, მართალია ამ გოგონას არ ვიცნობდი, სოფომაც სულ რამდენჯერმე ახსენა თავის ნაამბობში, მაგრამ ინტუიციის კარნახით უკვე უარყოფითად ვიყავი მისდამი განწყობილი. ამასწინათ ძალიან ბედნიერი ვართქო, აღვნიშნე და მე უნდა მიმადლოდეო მიპასუხა. -ეგ რას ნიშნავს? - ვერ მივუხვდი მე (თავისი ისტორიის მეორე მხარის თხრობა დაიწყო სოფომ) -გახსოვს რეზის ნატასთან, რომ წაასწარი? -რა შუაშია ახლა ეგ? -კარგად, რომ დაკვირვებოდი შეამჩნევდი, რომ საბანი ტანსაცმლიანს ეფარა-მითხრა ღიმილით. მივხვდი, რომ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო და კიდევ ბევრი რამ იყო წარსულში ისეთი რაც მე არ ვიცოდი-ანსამბლიდან შენი წასვლის შემდეგ ნატა და რეზი მართლაც გახდნენ შეყვარებულები, უფრო სწორად საყვარლები, რეზი ძალიან ცუდად იყო შენ გამო და ნუგეში ჭირდებოდა, მაგრამ მალევე დაშორდნენ. ნატამ რამდენჯერმე მთხოვა სოფო შემახვედრეო. მე კი მოვატყუე სოფოს შენი ნახვა არ უნდა, თავს შეურაწყოფილად გრძნობსთქო. მაშინ ნატამ შენთან რაღაც დამაბარა. -რა? -რეზის ძალიან უყვარს, სულ მასზე ფიქრობს და მასზე ლაპარაკობს, იქნებ ერთი შანსი მაინც მისცეს იქნებ მოახერხოს რეზიმ და შეაყვაროს თავიო. მართალია მე მათი ერთადყოფნა არ უნდა მინდოდეს, მაგრამ რეზი მიყვარს და მისი ბედნიერება მხოლოდ გამახარებსო. -ამას ახლა მეუბნები? -ჯერ სადა ხარ?-სახიდან ცინიკური ღიმილი არ შორდებოდა თაკოს-ანსამბლის იუბილეზე აპირებდა ნატა შენთან საუბარს, მაგრამ დავარწმუნე, რომ მისი დანახვა ძალიან გაგაღიზიანებდა და რეზის სახელის გაგონებაც აღარ მოგინდებოდა, ამიტომ ნატა სულ აღარ წამოსულა რესტორანში იმ იმედით, რომ რეზი თავად დაგელაპარაკებოდა და შერიგდებოდით -გუშინ რეზი ვნახე შემთხვევით, კომპიუტერულ მაღაზიაში მუშაობს, ცეკვისთვის მაგასაც დაუნებებია თავი. ნეტა განახა რას დაემსგავსა, არადა ერთ დროს როგორ ვგიჟდებოდით მასზე გოგოები. -ვგიჟდებოდით? - ამ ერთმა სიტყვამ უცებ ახადა ფარად ყველაფერს. -ხო რა იყო, ბრმა ხომ არ ვიყავი, მეც მიყვარდა ეგ ბიჭი. -თაკო ხუმრობ? -კარგი რა სოფი, იმედია არ გამიბრაზდები, მაშინ სულელი ბავშვები ვიყავით, მეგონა შენ თუ დაგშორდებოდა, შანსი მექნებოდა მასთან. -ღმერთო.,, -აღმომხდა მე… -ჯერ სადა ხარ ყველაზე მთავარი არ მითქვამს -კიდევ დარჩა რამე? -გუშინ ერთმანეთის მოკითხვის შემდეგ, საუბარმა მოიტანა და შენც გახსენე, ორ კვირაში ქორწილი აქვსთქო ვუთხარი. თავი მომაჭერი თუ ისევ ძველებურად არ უყვარდე, თან დღემდე უცოლოა.