"პატარა იყავ და ამიტომაც, თუ ვერ გამჩენვდი _ მეპატიება. რას ვიფიქრებდი არ დამინდობდა შენი ბავშური შურისძიება. და როცა ეშხი შეგმატეს წლებმა, როცა სიმწიფის ფერი გაჩუქეს, შენ დაგინახა სუყველამ ერთად: თვალებმა, გულმა და სიჭაბუკემ. და შეიცვალა ჩვენი როლები: შენ გამირბოდი... მე გდევდი ბოლოს, შენ წითლდებოდი და ათრთოლებით უხერხულ სალამს მაძლევდი მხოლოდ. ერთხელ კი გზაზე აღარ გაგიშვი, ლამაზ თვალებში ჩაგხედე დარდით, _ ამხელა ბიჭი, მე შენს თვალებში, რა პატარა და უმწეო ვჩანდი! მას შემდეგ მუდამ გხვდებოდი მცინარს, თითქოს მიმზერდი კიდეც ზემოდან. გავიწყდებოდა სალამი ხშირად და ძველებურად აღარ გრცხვენოდა. ბოლოს გავიგე, როგორ დაგკარგე, დაგკარგე... დამრჩი ნატვრა მარადი. თვალებში როცა ჩაგხედე, კარგო, შენს თვალში მაშინ დავპატარავდი.”