სულელო, ნუთუ მართლა დაიჯერე, რომ ლამაზი ხარ, რომ გაზაფხულზე აყვავდები როგორც საკურა, რომ სურვილების თანაზიარ ჭრელი ჭინჭებით მესიის სარძლოდ ღვთისმშობელმა თავად გაკურთხა?! ხედავ? თოჯინებს, ბავშობიდან გამოყოლილებს უგულოდ ხვრეტენ, ოცნებები იქცევა ნაცრად, ქართლის ველებზე ძნებად დამდგარ აგვისტოს ხვატში ცას სისხლად დასდის ხანძრის ალი და გულს უკაწრავს,
ამოგიყრია ფესვებივით გაშიშვლებული არა წარსული, მომავალი, ასე ოცი წლის ჯერ უმწიფარი, საზარბაზნე ბავშვების ხორცი, როგორც ყოველთვის, წაგებული, ალბათ, ომისთვის. რას ელოდები?! დრო დამარხავს მიცვალებულებს?! დაფარავს მიწა, დავიწყების დაწვავს ნაცარი?! არ შემაპარო ტკივილებში ზიზღი_ბალღამი, ჭირნახულივით ჭრილობები მინდა დავთვალო, მომავლისათვის ლოცვა არა, გლოვა მაცადე... დრო სწრაფად გადის...
მაგრამ ვინ გითხრა, რომ ცხოვრება ტკივილს აყუჩებს, რომ შეგრძნებები თურმე ბლაგვდება, რომ რწმენა ცვდება, ხოლო წარსული ჩრჩილის საჭმელად სხვენში ლაგდება... გათავისუფლებ! ჩამოგხსენი ჩემი სურვილი (სხვა სურვილები ქართლის ველებს სისხლად მიახმა) მინდა წავიდე, გაგეცალო, გადავიკარგო, რომ არასოდეს, აღარასდროს გითხრა: მიყვარხარ