როგორ მეცნობით, ქალბატონო,ნეტავ ხვდებოდეთ, მაგ რიდეს თვალთა ელვარება რომ შეუპყრია, ნეტავ ჩემს თვალწინ კიდევ ხუთ წუთს გაჩერდებოდეთ და მოიხსნიდეთ სახისაგან რიდეს და წყვდიადს. თავსაბურავი, ქალბატონო, სამკაულია მაგ თქვენს სახეზე მოელვარე შავი ცრემლებით, ისე მეცნობით, რომ მართლაცდა სასწაულია... ასე სათუთად რად ცახცახებს თქვენი ხელები? იქნება შორეთს მიიჩქარით უხმოდ და გზნებით, მე კი გაჩერებთ ჩემი ბოდვით აქ,ქალბატონო, ნუ გამიწყრებით, უნაზესო,ნუ გამიწყრებით, მისმინეთ მხოლოდ, როგორც გლახაკს და უპატრონოს... გზად კარიბჭეთა სიმწუხარე მრავალი შემხვდა, მათგან ერთერთი სიყვარულის იარად მაზის, დამამახსოვრდა მხოლოდ დარდი მე გაუბედავს და თბილი ხელი... თქვენი ხელივით თეთრი და ნაზი... არა, მოიცათ!... ქალბატონო, ჯერ ნუ დამტოვებთ, ეგ შავი რიდე ჯოჯოხეთის ტანჯვა მგონია, გთხოვთ, მოიხსენით, სიმწუხარე თქვენც მიატოვეთ, ქალის სახეზე შავი არვის გაუგონია... ისევ ცახცახებთ, ქალბატონო? რა გემართებათ? თქვენს შავ მანდილზე მგონი ცრემლმა დაიწო ცეკვა, ცოტაც დაიცათ... თუმცა მალე შემოთენდება... მე კი ვერ ვასწრებ, რის თქმაც მსურდა ამაღამ თქვენთან. ჰა, მთვარის სხივი, ქალბატონო, სახეს გინათებთ და მე რატომღაც უჩვეულოდ ვთვრები და ვტკბები... თქვენ მე მახსენებთ, შავოსანო, წლების წინანდელს და მე ვიბნევი, ქალბატონო, მგონი, ვგიჟდები... დაიცათ!.. მთვარემ გაანათა თქვენი ნაკვთები, მე თქვენ მეცნობით უჩვეულოდ, ამოუხსნელად... გთხოვთ, ქალბატონო, ჩემს წინაშე ნუ გამკაცრდებით, ჩამოგხსნით რიდეს მოწიწებით, სათუთად, ნელა... და თან ბოლომდე მოგიყვებით ჩემს იარებზე, მე შევცდი ერთხელ, მივატოვე უმწეო ქალი, ახლა დავეძებ, ვბოდიალობ დაბინდულ გზებზე და ვერ ვპოულობ. ისე გაქრა, ვით ჯადოქარი. ჩემთვის უმიზნო ხეტიალი გამოთვლილი აქვს ამ მტანჯველ ტკივილს საბოლოო აღსასრულამდე ... შეჰყვარებია თქვენი რიდე ამ მაცდურ ნიავს და ისიც ცდილობს, გადაგხადოთ სულით გულამდე... აი, ნელ-ნელა, ფრთხილად, ნაზად... ნუ გეშინიათ! ერთი წამიც და აიწევა თავსაფრის ბოლო < მე სიყვარულის უძლეველი შეცდომა მქვია> და, ქალბატონო, შემოგხედავთ ამ ერთხელ მხოლოდ! ჰა, დადგა წამი... რატომ კვნესით მდუმარედ ნეტავ? ასწიეთ თავი! შემახედეთ წყვდიად თვალებში! გთხოვთ, ქალბატონო, ვეღარ ვითმენ ამაზე მეტად, ნუღარ დამკარგავთ მოლოდინის სიმწუხარეში. აი, იმატებს მთვარის სხივთა ნაზი ნათება, ამოიხედეთ, ქალბატონო, გადიან დრონი... ო, როგორ აგავს ჩემს საუნჯეს თქვენი ხატება... ვერ დავიჯერებ... მიგამსგავსეთ იმას მემგონი!... არა, შემხედეთ კიდევ ერთხელ, ახლა ნუ წახვალთ! არა, მოიცათ! გამარკვიეთ, ჯერ დამენახეთ, თქვენ გაიქცევით, მე კი შემდეგ ვერასდროს გნახავთ და ამიხსენით, საიდან გაქვთ ნაცნობი სახე?! ო, ღმერთო ჩემო, დამიფარე შენივე ნდომით და ნუ დამტოვებ ამ წყვდიადში მე უპატრონოს! ხმა ამოიღეთ, შავოსანო, თქვენს წინ ვემხობი, ის ხართ, ვინც მიყვარს? მიპასუხეთ! გთხოვთ, ქალბატონო! აჰა, გიცანით, დაიცადეთ!.. ბარემ ვიგლოვო, ცრემლი და დარდი გადამექცა სულის ჩვევებად, ნუ შემიძულებთ წარსულისთვის!,- ამას გთხოვთ მხოლოდ და მომიტევეთ წყენა, თუ კი მომეტევება!.. ...ახლა კი წადით, ქალბატონო,გთხოვთ, მიმატოვეთ! ეს არის ჩემი ბედისწერა, სულის წადილი, წადით!.. დავრჩებით მე, ღამე და კვლავ სიმარტოვე, ოღონდ სახსოვრად დამიტოვეთ თქვენი მანდილი!..