ტიტების ფოთლებზე დაგიწერ სტრიქონებს
და მარტის ქარიშხალს მივანდობ… მომენდე,
რომ ცაში გულთეთრი მტრედივით იქროლებს
ღრუბლების დონემდე.

და მოვალთ, ჩუმად და არავინ… ამინთე
ფარანი, ბნელა და ვერ შევძლებ ხეტიალს.
რომ ცა ხარ ზაფხულის წვიმიან ამინდში
ტიტები გეტყვიან.

(ეს ღამე წინა დღის ცოლია, ორსული,
ღრუბლები მომავალ დღეს ელოდებიან)
რომ მზე ხარ ჯურღმულის ფსკერზე ჩამოსული
ტიტები გეტყვიან.

მე ჩუმი, არავინ, შევცქერი გრიგალებს,
ხომ იცი სიტყვები გრიგალში ფეტვია.
სული რომ დუმილის მეფობას იბრალებს
ტიტები გეტყვიან.

მე შენით ვსუნთქავ და ამ ჩემი ლექსებით,
ვერ მომკლავს ეს დანა, ეს ყულფი, ეს ტყვია.
რომ ასე მიყვარხარ ტკივილთან შეხებით,
მე ვერა, ტიტები…
ტიტები გეტყვიან...

ნანახია: 541 | კომენტარები: 0 | ავტორი: სტუმარი

კომენტარის დამატება
Name *:
Email:
Code *:





Website builder - uCoz