მე დღეს ყველაფერს ამით ვასრულებ და ახსნას აღარ მოვისმენ შენსას, ჩვენ დავივიწყებთ წლებს უცაბედად, რადგანაც გრძნობა ტკივილით ცვდება...
თურმე არსებობს ისეთი რაღაც, სიყვარულით რომ ვერ გაამართლებ და ყველაფერზე რაც უწინ იყო, მხოლოდ და მხოლოდ დღეს გული გწყდება...
მე არ ვინანებ დღეს შენს დაკარგვას და გულისტკენა რად გინდა მეტი,- რა დამიკარგავს, რაც არ მქონია, შენ ხომ არასდროს ყოფილხარ ჩემი!
ჩვენ დავშორდებით, მაგრამ ტკივილი, გპირდები მხოლოდ იქნება ჩემი, რადგან ის წლები, ერთად რომ განნვლეთ, თურმე ყოფილა ძალიან ბევრი... ხვალიდან აღარ გემახსოვრება ჩემი სიცილი და ჩემი თმები, შენ რომ გიყვარდა იმ ლექსებს შემდეგ მეც სხვას მივუძღვნი იგივე გზნებით... მაგრამ მანამდე იქნება წლები, წლები, ფიქრით და ტკივილით სავსე, მე მივეჩვევი ცარიელ საწოლს, მე მივეჩვევი უშენო ღამეს... ჩვენ დავშორდებით... ჩვენ დავივიწყებთ... მე დავივიწყებ შენი ხმის სითბოს, აღარ დავხუჭავ თვალებს შენს მკერდზე, რომ საკუთარი ღირსება ვიგრძნო...
იმდენი კითხვა დამრჩა იმ წლების, იმდენი შენგან გაურკვეველი... მაგრამ მე ახსნას შენგან არ ველი, მე არაფერი მიკითხავს შენთვის, ალბათ არსებობს ისეთი რაღაც, საკუთარ თავსაც არასდროს ეტყვი...
მე დავიღალე უღვთო ლოდინით, მე დავიღალე ამდენი ძებნით... მე აღარ მინდა შენგან არც ახსნა, არც აღსარება ვითომდა წრფელი, რადგანაც უკვე დიდი ხანია, დიდი ხანია აღარ მწამს შენი...
რით შემაჩერებ... მე უკვე ვნახე რწმენის გაცვეთა, იმედის ნგრევა... მტვერი თითებზე... რას ვაკეთებდი შენთან მოსვლამდე, ვფიქრობ დღემდე და ვეღარ ვიხსენებ... ალბათ არაფერს და გული მტკივა, იმ „არაფრისთვის" შენ რომ მიმეტებ...
არ დამიფიცო დღეს ცა და მიწა, არ დამიძახო, ნუ შემაჩერებ... მე წასვლა რაკი ვთქვი და გავბედე, შენც ნუ დამძრახავ, ნუ შემაჩვენებ...
მე არაფერი არ მეგულება მაგ მშვენიერი თვალების იქით...
ხვალ ჩვენ გავხდებით ისეთი შორი, ქარში ხეტიალს ვეღარ დამიშლი.. და ჩემს კაბებსაც, შენ რომ გიყვარდა, აღარ ექნება შენი სინაზე... ზღაპარი ცვდება, ზღაპარი ქრება, ზღაპარი კვდება ცოდვილ მიწაზე....
დღეს ვარსკვლავთცვენა დაიწყება, შუბლიდან დარდივით წაიშლის ზეცა... გვიან ღამითაც შენთან წამოსულს მე ვეღარ მეტყვის საყვედურს დედა, რადგანაც უკვე აღარასოდეს, აღარასოდეს წამოვალ შენთან...
ხვალიდან ჩვენი გზები იყრება და აღმოვჩნდებით უსაზღვროდ შორი... გთხოვ მაპატიე, რომ ვერ შევძელი ეს დასასრული ცრემლით და კოცნით...
მე ვერაფერი გადამავიწყებს შენი თვალების მშვენიერ ფერებს... ნეტა შემეძლოს, განშორებისას დაგისველებდი ცრემლებით ხელებს...
მე არაფერი არ მეგულება მაგ მშვენიერი თვალების იქით...
ხვალიდან ჩვენი გზები იყრება, ხვალიდან აღარ მოგწერ ბარათებს, დღესაც არაფერს გეტყოდი მაგრამ, უფრო ტკივილი მალაპარაკებს...
აღარ დამელოდო... სულივით მაკლიხარ... ოღონდ შეინახე სახსოვრად წუთები... მიყვარხარ ამ ქვეყნად ყველაზე ძალიან, თვალებს გიკოცნი და გულში გეხუტები!
თვითონ არ ვიცი ჩემი ბარათი რად გამოვიდა ასეთი გრძელი, ალბათიმიტომ, სანამ ამას გწერ, თავი მგონია ჯერ კიდევ შენი..