ღმერთის წინაშე ორი ადამიანი წასდგა. უცვლელი სახე უფალმა მათ მიაპყრო და გულთამხილავი თვალებით დააცქერდა. - იცოდით ნება ჩემი? - ვიცოდი, უფალო! წამიკითხავს დაბადება, შემისწავლია წმიდა სახარება, სამოციქულო, წმიდა მამათა ცხოვრება ზეპირათ ვიცი საგალობელნი და ლოცვები, – მოახსენა ერთმა. მეორე სდუმდა. - შენ? – დაეკითხა მდუმარეს ღმერთი. - არ ვიცი, არ წამიკითხავს. - შეასრულეთ ნება ჩემი? – იკითხა კიდევ უფალმა. - გზითა მართლითა ვიდოდი საპყართა განვიკითხავდი მიყვარდა ძმა ჩემი, ვითარცა თავი ჩემი შენ მხოლოდ ერთსა თაყვანსა გცემდი, - მიუგო პირველმა. მეორე სდუმდა. - შენ? – დაეკითხა მდუმარეს ღმერთი. - არ მახსოვს, უფალო, და მგონია, არც ყოფილა ასეთი რამ. - შეასრულე ათი მცნება? – განაგრძო უფალმა დაკითხვა, თუმცა ყოველივე იცოდა უზენაესმა. - დიახ, უფალო! არც ერთი არ დამირღვევია! – მიუგო პირველმა. მეორე ისევ სდუმდა. - შენ? - რა? - მოგიკლავს ადამიანი? - არა! ორფეხი ცხოველი, ადამიანს რომ უძახიან, ის კი. - გითქვამს ტყუილი? - ტყუილი არა! უხეშ სინამდვილეს რომ აფერადებდა და ლამაზ ოცნებათ ხდიდა, ისეთი კი… ბევრი. - გიმრუშია? - არა! სატრფოსთან ერთარსებათ კი გარდავქმნილვარ, და ერთმანეთის ცეცხლის ალში კი დავმწვარვართ! - გიგმია ღმერთი? - არა! ის ძალა კი, ადამიანს რომ უკუღმართ გზაზე დააყენებს, სიცოცხლეს გაუმწარებს, ის კი ხშირათ. - თაყვანს სცემდი, ჩემს გარდა, სხვა ღმერთს? - ერთ ღმერთს თაყვანსა ვცემდი – ღმერთს სიყვარულისას, იმედისას, მშვენიერებისას. ყველა დადუმდა. - რა გსურთ ახლა? – დაარღვია ღმერთმა სიჩუმე. - განსვენება ადგილსა ყვავილოვანსა! – საჩქაროთ უპასუხა პირველმა. მეორე სდუმდა. - შენ? - ნუ მათქმევინებ – გარისხდები, უფალო! - მოგენიჭოს! – ბრძანა უფალმა და გულთამხილავის უცვლელმა, მკაცრმა სახემ ნისლი გადიყარა. მდუმარე ადამიანის წინ გაჩნდა მომღიმარე, ვარდებით შემკული, ლამაზი ქალწული. მას ნეკტარით სავსე პატარა თასი ეჭირა ხელში. შორიდან კი ისმოდა ქნარის ხმა. - მე რაღა, უფალო? – შეეკითხა პირველი ადამიანი ღმერთს. - შენ ჯერ არ გიცხოვრია: შენ ჩემს არტახანში იყავ გაკრული. პირადათ შენ რისი მომქმედი ხარ, არ ვიცი. იქნებ ყოვლად ცუდი და სასიზღარი იყო და როგორ დაგაჯილდოვო?! წადი ისევ ქვეყნად.