უცბათ ქვების ჩხრიალი გაიგონა, მერე ეტყობა დიდი ლოდიც მოსწყდა ქარაფს და თავქვე ხრიგინით და ხეთქებით დაეშვა. გულმა რეჩხი უყო... _ დათია, დათია...ჩუმად გასძახა მეგობარს. ხმა ვერ მიაწვდინა... არა და რათ უნდოდა, ხომ უთხრა ქვევიდან შემოვუაროთ და ხვალ დავლაშქროთ ჭიუხებიო. არ დაიშალა და მაინც წავიდა, დაუბარა: "შენ ქვაბულში ცეცხლი დაანთე და დაღამებამდე მეც მოვალო". დაბნელდა და არ გამოჩნდა. ეხლა ეს ქვების დაცურება რაღა იყო... არა, ჯიხვი და არჩვი ჩუმათ დადიან, ქვას არ დააგორებდნენ. - დათია, კიდევ უფრო ხმამაღლა გასძახა, ისევ დუმილი. არა, უნდა წავიდეს და იმის ნაკვალს გაჰყვეს. ჩოხას კალთა შემოახია, ჯოხზე დაახვია და არაყი გდაასხა, ჩირაღდანი გააკეთა, რაც არ გინდა იყოს, მაინც სინათლეა. ქვემოდან შემოუარა ჭიუხს და მეგობრის ნავალ ბილიკს შეუყვა. დაბნელდა...მთაში უცბათ იცის დაბნელება. ცოტა ხნით ჩირაღდანი ეყოფა და მერე... მერე სადმე ქარაფზე მოუწევს ღამის გათენება, მაგრამ მაგას არ ჩივა, მეგობარს ეძებს, გასაჭირში რომ არ იყოს, ხმას მოაწვდენდა, ან ჩამოვიდოდა უკვე. ამ წყვდიადში ქვაბულამდე ვერ მივლენ, იპოვოს კია და... - დათია, კიდევ ერთხელ გასძახა. - ჰაუ მგელიკა, აქ ვარ. - სად აქ? - არ ვიცი, ბილიკი ჩამექცა და ხელებით დავეკიდე ქარაფის კიდეს, ფეხი ვერაფერს მოვდე, ვერაფერზე ვდგავ, დიდხანს ვეღარ გავძლებ... ჩავიჩეხები... მგელიკა, შენ გაბარებ ჩემს ცოლ-შვილს, ვინძლო უმამობა არ აგრძნობინო ჩემს პატარებს. -რას ამბობ დათია, ცოტაც გაუძელი, მალე გათენდება და გამოჩნდება რამე საშველი. თვითონ ჩირაღდანი ჩაეფერფლა და კლდეზე წამოწვა, ნელ-ნელა, ფორთხვით გასწია მეგობრისკენ.არაფერი არ ჩანს, კუნაპეტი ღამე ჩამოწვა, ვარსკვლავებიც კი არ ანათებენ, ცა მოღრუბლული და მოქუფრულია. - მგელიკა... - ჰო დათია... -მგელიკა, ერდოზე საკვამური მოანგრიე, თუ რამე შავ დღისთვის მიგროვებია იქ დევს, აიღე და ჩემს გივარგის და მზექალას არაფერი დააკლო სანამ გაიზრდებიან. მე ვერა, მაგრამ ღმერთი გადაგიხდის სამაგიეროს. - რას ამბობ დათია, რა დროს მაგაზე ლაპარაკია, ხელი არ გაუშვა, ჩაეჭიდე, იქნებ მთვარე გამოჩნდეს და... არა და იცის, მთვარე ამ ღრუბლებში ვერ გამოაღწევს.რა მეგობარი ეღუპება. ბავშვობიდან თანაშეზრდილი. მგელიკას დედა მგელიკაზე მშობიარობას გადაჰყოლია და თინიამ თავისი რძით გაzარდა ორივე. შვილისგან ვერ არჩევდა. ესენიც სულ ერთად იყვნენ, ხალხს ძმები ეგონათ.ერთად საწავლობდნენ, ინსტიტუტიც ერთად დაამთავრეს. მგელიკა ადრე დაოჯახდა, დათიამ ძლივს იპოვა თავისი გულის სწორი. კარგი, ლამაზი ქალია ქეთი.მგელიკამ თავისი რძალი დად მიიღო. თვითონ ხომ ძმები იყვნენ და მეუღლებიც ისე დაუახლოვდნენ ერთმანეთს, რომ უერთმანეთოდ ვეღარ სძლებენ. შვილებიც სულ ერთად არიან და ერთმანეთისგან არ არჩევენ.მაგრამ... მაგრამ ეხლა რითი უშველოს?რაა საშველი?თვითონაც შეჩერდა უკვე, კლდის პირს მიადგა ხოხვით, ხელების ცეცებით და გაჩერდა, იცნობს ამ კლდეს, ასიოდე მეტრი სიმაღლისაა.რა ქნას? ნეტავი თვითონ გადავარდნილიყო, შვილები დიდები ჰყავს უკვე, თავს შეინახავენ, თავის თავს თვითონ მოუვლიან. დათიასები?.. დათიასები ჯერ ღლაპები არიან. არა, რამე უნდა მოიფიქროს, მაგრამ რა?..ასე დგომა რას არგებს, მაგრამ რა იღონოს? -დათია, ჰაი დათია, როგორ ხარ ბიჭო? - ვაი ძმაო, ცალ ხელზეღა ვკიდივარ, მეორეს საყრდენი ჩამოეშალა... მგელიკა, ოჯახს მიმიხედა. - დათია რა ამბობ, გაუძელი. რა ქნას, რითი მიეხმაროს ძმას და ძმაზე უფრო ძმას?. უცბათ რაღაც აზრმა გაუარა თავში, გაბრაზებული კაცი ვეფხვივით ძლიერი ხდებაო. მაგრამ რითი გააბრაზოს თანაშეზრდილი, როგორ გამოიყვანოს მოთმინებიდან, მათ ხომ ერთმანეთისა ყველაფერი იციან? ისევ აზრი: არა მომკლავს, ეს როგორ ვუთxრა? სანამ გონებამ აზრი უარყო, ენამ ლაპარაკი დაიწყო: - დათია... - ჰო მგელიკა. - რას შვრები, კიდევ დიდხანს გასძლებ? - არა ძმაო ვარდები... მშვიდობით, ოჯახს მიმიხედე, ოჯახს... - ჰო დათია, მივხედავ, აბა არ მივხედავ? ის ხომ ჩემი ოჯახიცაა,შენი ქეთი როგორც კი ვნახე, გული შემივარდა, შემიყვარდა. მასაც ვუყვარვარ, მაგრამ შენ ვერ გღალატობდა, ეხლა ხელები შეეხსნება და... მივხედავ, აბა არ მივხედავ?.. ეს რეებს ამბობს, სად ქეთი და სად იმის სიყვარული? არა, უყვარს, როგორ არ უყვარს, ის ხომ დაა, ის ხომ რძალია, მაგრამ ძმას უნდა უშველოს, ძმას. რამე ნაირად უნდა გააბრაზოს, მოთმინებიდან გამოიყვანოს, გაარისხოს... - დათია, ბიჭო დათია, ხმა გამეცი, დათია... -რაო მგელიკა რას ამბობ? შენ ჩემს ძმადშეზრდილს ჩემი ცოლი... მოგკლავ, შენს სისხლს დავლევ. მგონი ამართლებს... ბრაზდება... კიდევ უნდა გააღიზიანოს, რომ თითებში ფოლადი ჩაესხას და დილამდე გასძლოს. მერე?.. მერე ალბათ მართლა მოკლავს, მაგრამ.. მაგრამ ეს მერე იქნება. ეხლა უნდა გააღიზიანოს, უნდა გაამხეცოს, უნდა ჭკუაზე შეშალოს, უნდა ძალა მისცეს, რომ დილამდე გაუძლოს. - დათია, ეხლა თან რა ლამაზია ქეთი, პატარა, კოხტა. იცი როგორ გვიყვარს ერთმანეთი? -მგელიკა, მოგკლავ... - ჰო მომკლავ... მაიდან რომ დაბლა დაეშვები, სვავი და ძერაღა თუ იპოვნიან საძიძგნათ შენს ლეშს. მერე, მერე შენი ქეთი ჩემი გახდება, ვინღა შეგვიშლის ხელს. -მგელიკაა... შენს სისხლ dავლევ,ქეთისაც ზედ დაგაკლავ, არც იმ ძაღლიშვილს ვაცოცხლებ. - ჰო, ჯერ მაიდან გამოდი და მერე. ეს რეებს ეუბნება, რა პირით ეუბნება, რას ბოდიალობს,ძმას ეუბნება ამას? მაგრამ რა ქნას, ძმას, მეგობარს ძალა სჭირდება. ძალა სჭირდება და ძალას ბრაზი, სიძულვილი აძლევს.როგორმე გაშმაგება არ უნდა დაუწყნაროს, რომ დილამდე გააძლებინოს. მერე? მერე არაფერი, რომც მოკლას, ძმას ხომ გადაარჩენს,ძმისთვის სიცოცხლის გაწირვა ვაჟკაცისთვის ბედნიერებაა. - მგელიკა ჩემი გაბრაზება გინდა არა? ხომ ვიცი ძმა ხარ და ჩემს ქეთისაც ძმასავით უყვარხარ და ძმასავით გიყურებს. მიუხვდა...მიუხვდა მეგობარი ჩანაფიქრს, იცოდა არ დაუჯერებდა, ეხლა რაღა ქნას? - დათია, კი მართალი ხარ, დასავით ვუყურებდი სანამ არ დამნებდა. ჩუმად ვხვდებოდით ხოლმე ერთმანეთს, იშვიათად მაგრამ მაინც, ეხლა ხელს არაფერი აღარ შეგვიშლის და სულ ჩემი იქნება. - რაა?.. დაგნებდა?.. შემირცხვინეთ კაცობა და ოჯახი?..თქვენს სისხლს დავლევ, თქვენს სისხლს... - არა, ისე როგორი საყვარელი ტიტინი იცის სიყვარულისას... - რაო?.. ეგეც იცი?.. - გითხარი დამნებდა თქო და... -დაგხოცავთ ორივეს, თქვენ სისხლა დავლევ, თქვენი... ასეთ ლაპარაკში, გადაძახილ- გადმოძახილში მოხდა მოსახდენი... ოჯახის, კაცობის შერცხვენას ვერავის აპატიებს დათია.ხელებში ტყვია ჩაეღვარა, თითები ფოლადებად გადაექცა, მეორე ხელსაც უპოვა მოსაჭიდი, დაეკიდა ორივე ხელით. სისხლი მოაწვა თვალებში... როგორი ოჯახი ქონდა ეგონა, თურმე თავს ლაფი დაუსხიათ... შეურცხვენიათ და... - დავხოცავ, ორივეს დავხოცავ. სხვა ინტერესი, სხვა მიზანი აღარ არის. შურისძიება... სისხლი უნდა დაიღვაროს რომ კაცის კაცობა აღდგეს... ცას სინათლე შეეპარა, ნელ-ნელა გამოიკვეთა ქარაფები, ჭიუხები. მგელიკამ ჩოხა გაიხადა, წვრილ-წვრილად დახია ზოლებად და ბაწრად დაგრიხა, ზედ ქამარი და თოფის თასმაც მიაბა და ცოცვით გასწია მეგობრისკენ. - დათია, ხელი მოკიდე, ამოგიყვან როგორმე. - დაგხოცავთ... ორივეს დაგხოცავთ... - კი, მაგრამ ჯერ ამოდი და მერე. ჩაეჭიდა თოკს, ამოქაჩა მგელიკამ და... აი მეგობარი სწორზე დადგა... გახარებული გადაეხვია, მეგობარი გადაარჩინა... მაგრამ თვალებში ვეღარ უყურებს... გადაეხვია უჩუმრათ. ეს რა არის?.. ვერ იგრძნო, უფრო მიხვდა. ორპირი შეესო მუცელ;ში... მეგობარმა ქადილი აუსრულა... მოკლა... -დათია რა ქენი?.. დათია... -იმ ძუკნასაც ზედ დაგაკლავ... არ შევარჩენ ჩემი კაცობის შერცხვენას... - დათია ქეთი... არაფერ შუაშია, ქეთი უბრალოაო უნდოდა ეთქვა, მაგრამ აღარ დასცალდა... ხანჯლის წვერმა გულს უწია და... -ნახე, იმის სახელის ხსენებით მოკვდა... მოვკლავ... იმასაც მოვკლავ... გაბრაზებული, სისხლ ჩამდგარი თვალებთ მოისროლა მეგობრის ნეშტი უფსკრულში, თოფს ხელი სტაცა და გამგელებული დაეშვა თავდაღმართში. ცოლი ახალი ამდგარი დახვდა, საწოლს ასწორებდა. შემოხედა და სახე გაუნათდა სიხარულისგან. -დათია, ჰერ არ გელოდით, ასე მალე მოინადი... სათქმელი ვერ დაამთავრა, თოფიდან გამოვარდნილმა ტყვიამ გული ორად გაუპო... უხმოდ, გაღიმებული და გაოცებული თვალებით ჩაიკეცა...