სამხედრო ნაწილის ეზოში, ეგრეთ წოდებულ "კურილკაში" რიგითები და სერჟანტები "ბელომორ კანალს" და "ვატრას" ეწეოდნენ. ერთი ტარიანი იყო და მეორე უფილტრო, ორივეს მწარე გემო და მყრალი სუნი აქვს ფილტრიანთან შედარებით, მაგრამ სამხდრო ნაწილის ტერიტორიის მაღაზიაში, ეგრეთ წოდებულ "ჩაინაიაში" ფილტრიანს ვერ იყიდდი და "სამავოლკაში" მაგისთვის ვერ გახვიდოდი. ეწეოდნენ, საუბრობდნენ და თან ბებრებივით აფლუხუნებდნენ, ახველებდნენ და აქლემებივით იფურთხებოდნენ. ბიჭებო, გუშინ გენერალ-მაიორმა გაიარა ჩვენი ოფიცრებით გარშემორტყმულმა და ისეთ "მარლბოროს" ქაჩავდა, კინაღამ მუხლებზე დავეცი სათხოვნელად, ერთი ნაფაზი დამარტყმევინეო - თქვა ერეთმა. ნეტა მე დამენახა და თუ არ ვთხოვდი მაგასაც დაინახავთო, წაიტრაბახა სერჟანტმა. ამ დროს ერთმა სალდათმა სერჟანტს უბიძგა, გახედე ნედელინი (გენერალ-მაიორის გვარია) მოდის და მიდი შენი ვაჟკაცობა დაგვიმტკიცეო. სერჟანტს ჯერ გაეცინა, მაგრამ მერე რომ დაინახა, ყველა იმას უყურებდა რას იზავს, გაბედავს თუ ტრაბახობსო გადაწყვიტა; ადგა, წელში გაიმართა, "სტრაევოი" გაჭიმა და გენერალ მაიორს გამოეცხადა: "ამხანაგო გენერალ მაიორო, სერჟანტი ნ-_-_ა თუ შეიძლება ერთი მოსაწევი". საწყალ ნაწილის ოფიცრებს თვალები შუბლზე დაასხდათ... რამხელა შეუგნებლობა, სითავხედე და უპატივცემლობაა, ამხელა რანგის ოფიცერს, სარაკეტო ნაწილების უფროსს, მოსკოვიდან მოვლინებულ მაღალ-ჩინოსანს, ვიღაც ქართველი, გაზუნთლული სერჟანტი სიგარეტს თხოვს, ყველამ უნებლიეთ ნაწილის უფროსს, პოლკოვნიკ პოლეტაევს გადახედა, რომელსაც მიწის ფერი დასდებოდა და... ინებეთ შვილო, გაეღიმა ნედელინს და ჯიბიდან "მარლბოროს" ახლად გახსნილი კოლოფი ამოიღო, რომელსაც 2 ღერი აკლდა და სერჟანტს გაუწოდა. სერჟანტმა ერთი ღერი ამოიღო და კოლოფი პატრონს დაუბრუნა. -არა შვილო, თქვენ გქონდეთ, მე კიდევ მაქვს, უპასუხა ოფიცერმა. ნება მომეცით წავიდე; თავისუფალი ხართ. ამხანაგო სერჟანტო, ერთი წუთით, რა გვარის ხართ? თემური ნ-_-_ა -კარგით, თავისუფალი ხართ. ერთი კვირის შემდეგ, როდესაც ნაწილიდან სამხედრო შემოწმება წავიდა და ყველამ თავისუფლად ამოისუნთქა, დილის მოწყობაზე გამოცხადდა პოლკოვნიკი პოლეტაევი. - სერჟანტო ნ-_-_ა სამი ნაბიჯით წინ. სერჟანტმა სამი ნაბიჯი გადადგა წინ და მწყობრის წინ დადგა. - ამხანაგო სერჟანტო, სიმამაცის გამოჩენისთვის, სარაკეტო ჯარების უფროსის, ამხანაგ გენერალ-მაიორ ნედელინის სახელითა და თხოვნით ათი დღე ურიგო შვებულება. - ვემსახურები საბჭოთა კავშირს. - თავხედობის გამოჩენისთვის, პირადად ჩემგან ხუთი დღე დაპატიმრება. - არის, ხუთი დღე პატიმრობა.