"შენ საქართველოს დედოფლობა დაგმშვენდებოდა,
დაგმშვენდებოდა და რა რიგად დაგმშვენდებოდა...
შენს ერთ სიტყვაზე ქალაქები აშენდებოდა
და დაიწყებდა უდაბნოში შრიალს წალკოტი. ერთი შეხედვით ვაჟკაცბის გულებს დაჰკოდდი
და მზის სინათლეს დაჩრდილავდი თვალთა ციალით,
დალოცდი ლაშქარს და შენს ღვთიურ ლოცვის გამგონეთ,
არ ექნებოდათ სპათა შენთა, მტერთგან ზიანი.
შენ ხატაური აბრეშუმი დაგმშვენდებოდა,
დაგმშვენდებოდა, ჰე რა რიგად დაგმშვენდებოდა...
შენს ნატიფ სახეს, ნიავიც რომ არ შეჰხებოდა,
სპილოს ძვლისაგან ულამაზეს კოშკს აგიგებდნენ.
ცისკარზე, როცა ქაშუეთის ზარებს დარეკდნენ,
აღიგზნებოდა შენი ლოცვით წმინდა ტაძარი
და შენს გვირგვინთან მოწიწებით მუხლს მოიყრიდნენ,
ორბელიანი და ამაყი ამილახვარი.
შენ რუსთაველის სიყვარული დაგმშვენდებოდა,
დაგმშვენდებოდა და რა რიგად დაგმშვენდებოდა...
ბევრი თაობა გაივლიდა ჟამთა შარაგზას,
შენ კი ლექსებში იცოცხლებდი, კარგო მარად ჟამს.
დიდი პოეტი მიგიყვანდა ხალხის გულებთან,
ვარსკვლავებივით დაგვხედავდნენ შენი თვალები
და ვით დიდებას აწ გარდასულ საუკუნეთა,
სულ ერთი არის, მე შენ მაინც შეგიყვარებდი."