სამჯერ ვარ დაბადებული, მონათლულიც ვარ სამჯერა; ერთხელ სიკვდილი რას მიზამს, ერთხელ სიკვდილის არ მჯერა. შეხედეთ ოქროს მზეთამზეს, მთები რომ მთებზე ეყარა; ყოველდღე ამას ხედავდეს, რა მოკლავს ასეთ ქვეყანას. მოვა სიკვდილი, შეხედავს და შერცხვენილი გაიარს, როცა ცა სისხლით შეღებავს თურაშაულის განთიადს.
შენმა მეგობრობამ სული გამინათა, გული გამითბო და სევდა გამიფანტა. დაბლა დაცემული ცაში ამიტაცა, ცხოვრება დაბინდული, ნათლად დამიხატა. გაიგო ნაღველი და იმედი ჩამისახა, ბნელი გამიფანტა, სიცოცხლე გამიხარა. რწმენადაკარგულს პირჯვარი გადამსახა გამიფრთხილდიო, ასე დამიბარა.
ცხრა მზითაც რომ გვასხივებდნენ, რა უფლებით ვგრიალებთ და ვჯანმრთელობთ?! თუ გრძნობ, ტაოს გამსხვისებელს, მკლავი ძირში რომ გახმება ქ ა რ თ ვ ე ლ ო. დავას როგორ დაგიწყებენ, მათქმევინე საუფლოდ და სათემოდ, დედაენის დამვიწყებელს ხვალ-ზეგ დედა გეტირება ქ ა რ თ ვ ე ლ ო. ვიცი, კვლავაც გაასხვისებ_ სავენახეს, სამზეოს და სართველოს... არის კიდე სხვა საუნჯე, ვიდრე შენი საქართველო, ქ ა რ თ ვ ე ლ ო?! იქნებ გული აღარ გერჩის, ნაოხარო, ნატანჯო და ნათმენო_ რატომ გიკვირს ქართველებში ქართველი რომ ქართველობდეს ქ ა რ თ ვ ე ლ ო?! თვალებს ვითხრი, თუმც არ მძინავს , თქვი, უშენოდ მწუხრი სად გავათენო,_ ერთი დედის შვილები ვართ, ვაი, რატომ გავიწყდება ქ ა რ თ ვ ე ლ ო?! არც რა ტყვიით, არც რა შხამით, დუმილითაც შეგიძლია გამთელო,_ ისე მომკალ, რომ სხვამ მაინც არ გაიგოს, შენ რომ მომკალ ქ ა რ თ ვ ე ლ ო.
ცა არწივის, გორები ქორის, მინდორში ჩიტებს ბურდღავს მიმინო, შენ შენი გზები მითხარი თორემ, ამ გზებზე ისეც უნდა ირბინო. საბა-სულხანის ბებერი ტორი, გონიოს კედლებს გზნებად ატყვია, სიცრუის სიბრძნე გაგაჩნდეს თორემ, რა ხმალი დაგცემს ანადა რა ტყვია!? კლდეზე გაწვება და გააზმორებს, დაღლილი ნისლი იის ბწკლიანი, ეს სიცხე გქონდეს, ეს სისხლი თორემ, აქ ნამიც არის ნაპერწკლიანი. ღრმას და ღონიერს ჩავყურებ მორევს, ზღვის ზარიანი მეხლება ზვირთი, ეს ზავთი გქონდეს, ეს ჯანყი თორემ, დანარჩენს ისეც ნახავ და იტყვი.
მერამდენე გამითეთრდა ღამე, ჩემი ფიქრი ვანდე მხოლოდ მთვარეს მთვარის შუქი გამინათებს სტრიქონს, გული ისევ შენთან ყოფნას ითხოვს! შენი სითბო შერჩენია სხეულს რით ვუშველო ჩემს სიყვარულს სნეულს, ისევ მახსოვს შენი კოცნის გემო, ნუ დამტოვებ საოცნებოვ ჩემო! მერამდენე გამითეთრდა ღამე, მერამდენედ მისმენს მხოლოდ მთვარე, შენი სუნთქვა შერჩენია სხეულს, მთვარის სხივი სულს ვერ ათბობს ეულს!