ყოველთვის არა, მაგრამ ხანდახან მტრებს მეგობრებად ვიძენთ, ყოველთვის არა, მაგრამ ხანდახან სიგიჟე გვიჯობს სიბრძნეს. ყოველთვის არა, მაგრამ ხანდახან რაღაცას მუდამ ვნანობთ, ყოველთვის არა, მაგრამ ხანდახან დარღვევა უნდა კანონს... ყოველთვის არა, მაგრამ ხანდახან ჩვენ ერთმანეთსაც ვკარგავთ, ყოველთვის არა, მაგრამ ხანდახან ღირს აყვირება მაგრად!
შემინდე ღმერთო ამდენი ცოდვა, დიდება შენდა. ამომიყვანე მე ბნელეთიდან და გამინათე გონება თეთრად. შემაგრძნებინე ჭეშმარიტება და დამანახე შენი ნათელი, რომ მთელი რწმენით, შენდამი ლოცვით, მუდამ დავანთო შენს წინ სანთელი. მომეცი აზრი, გონება, გული, რომ დავამარცხო ბოროტი სული. მინდა ბოროტი კეთილად ვცვალო - მერე, სული რომ შენ განაცვალო. შემინდე ღმერთო ამდენი ცოდვა, დიდება შენდა.
მოგონებებში რად დავბრუნდი, – თავად ვერ ვხვდები!... სისხლის ცრემლებით ამიტირდა გული საბრალო, სული დავკარგეთ!... ჩვენ, ორივე, ყისმათს ვნებდებით და ახლა მხოლოდ შეცდომები უნდა დავთვალოთ?
ყველა შეხვედრა – სულმტკივანი ცრემლით მთავრდება, ყოველი ნერვი – თარზე გაბმულ სიმივით კვნესის, სხეულზე ცეცხლად მოდებული გიჟური ვნებაც, გაცრეცილ ფურცელს ეფინება სტროფებად ლექსის...
გული დაიწვა სიყვარულის სისხლისფერ ცეცხლში, რადგან როდესაც ცას ვუმზერდი, ბევრი იდარდა, და გულისაგან დარჩენილი ფერმკრთალი ფერფლი, ძვირფასო, შენი სუნთქვისაგან მიმოიფანტა.
აღარ მახსოვდა, რომ არსებობს ბედნიერება, ვიყავ სტუმარი, ყოველ ღამით, სევდიან მხარის, და მე მესმოდა ქვეყნად ყველა ადამიანის, ამ ცხოვრებაში ტრფობისათვის ვინც იყო მკვდარი...
არის წუთები, როცა სულში ცეცხლის უდაბნოს ცრემლი სწყურია, უცრემლობის განცდა აწამებს, გინდა დალეწო ყველაფერი, იტირო მწარედ, და ცრემლებიც კი ივიწყებენ დატანჯულ თვალებს!
ღმერთო ჩამოდი ამ დაწყევლილ დედამიწაზე! ღმერთო, გეძახი! (ქარი ლეწავს გიგანტურ ხეებს) ამდენ დაღუპულს და გათოშილს, ცივ სამარეში, ნუთუ ციდანაც არ გაუწვდი შენს ძვირფას ხელებს?!
თანმხლები რად მინდა, მარტო გავუყვები, ელვას გავიყოლებ მხოლოდ მთავ მაღალო, სიტყვას ჰორიზონტზე ტყვიად ჩავუდგები, ამოვატრიალო მინდა ეს სამყარო. ზღვაში,სხივჩამქრალი მზე რომ იმალება, მოვხადო ჩადრი და შენს ირგვლივ ვატარო, სავსეა ქვესკნელი დარდის ფიალებად, დავცალო, ეს ბოღმა როგორმე დავცალო.
ცისკრის ყვავილი კბილით მიჭირავს, მზე ამტკივდა თუ მხოლოდ გულია!_ ო, სიძულვილის არა ვიცი რა. რაც ვიცი ალბათ სიყვარულია.
ამ მიწის გარდა მიწა არ მინდა, არ მოვიწყურებ სულაც სხვა წყაროს, არ ვიცი, რაა თავის გაყიდვა, მე თავგანწირვა უნდა გასწავლო.
ფრთებივით გაშლილ ფიქრის შტოებით გზადზგზა მშვიდად გიშლი მზის ჩეროს, მოზვრებთან თამაშს ნუ ელოდები, ხარებთან ბრძოლა უნდა გიჩვენო!
მჯერა გაუძლებთ წლებს,ვით წამებას, რაა, მოგვიხდეს უღლად წანწალი, ჩემგან ღალატი არ ისწავლება, ერთგულებას კი მუდამ გასწავლი! ნეკნს თუ მიჟანგავს იჭვი ისრებით, ჭრილობას მიჩენს რწმენის ღიღილო, ჩემს ჯვარზე გკვრას თუ ეღირსები, მკვდრეთით აღმდგარიც უნდა მიხილო!
და თუ ოდესმე დაუშვებ ფარდას, და ფარდებს სიმშვიდის ძელზე შემოვიდებ,_ ნუ დაიჯერებ ჩემს სიკვდილს, რადგან შენ უკვდავების უნდა გჯეროდეს!
მე ისეთ სიყვარულს გაჩუქებ, ექნება სურნელი ყვავილის. დაყნოსავ და ბანგი დაგათრობს , ჟრუანტლად სხეულში დაგივლის. და რაღა თქმა უნდა ექნება; ტკივილი, ცრემლები, სიმწარე, ცრემლების გარეშე სიყვარულს ვინ შეუნარჩუნა სიმწვანე? ტანზე ცა გეცმევა ბაფთებად, ქუნქულა ღრუბლები დაგათოვს , გაგართობს ვარსკვლავთა ციმციმი, მზის სხივი ნაჟური გაგათბობს. მე ისეთ სიყვარულს გაჩუქებ, თვითონვე გაოცდე, ვინა ხარ, ოო, ამგვარ საჩუქარს ძვირფასო, რამდენი წელია გინახავ.